Blogs

რომელია თქვენი საყვარელი სოციალური ინოვაცია?


„ორბელიანის“ ტოპ ხუთეული

ქეთი ხაჩიძის ბლოგი


გასულ კვირას ერთ-ერთ ნეპალელ მკვლევარს ადიპ პოხრელს შევხვდი მეგობარი ორგანიზაციიდან, რომელმაც მთხოვა  აზრი გამეზიარებინა სოციალურ მეწარმეობასა  და სოციალურ ინოვაციებზე საქართველოში. ამ შეხვედრამ საღერღელი ამიშალა თქვენთანაც მომეტანა სოციალურ ინოვაციების თემა და „ორბელიანის“ მხარდაჭერილ რამდენიმე საინტერესო იდეაზე მიმექცია ყურადღება.

ინოვაციებზე საუბრისას რატომღაც ტექნოლოგიები გვახსენდება ხოლმე. ტექნოლოგიები შესანიშნავია და მის გარეშე შორს რომ ვერ წავალთ, თქვენც იცით. მაგრამ ინოვაცია შეიძლება უბრალოდ ახალი მიდგომა, პრობლემის გადაწყვეტის ახალი გზა იყოს, არა აუცილებელი ტექნოლოგიის გზით. მაგალითად, ადიპისთვის საყვარელი ინოვაციაა ინდოელი კაცის (!)არუნაჩალამ მარუგანატამის მიერ შექმნილი იაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი მენსტრუალური საფენები. არუნაჩალას  ინოვაცია მენტრუალურ რევოლუციად მონათლეს წინა წლებში და ცნობილი კაცია ინდოეთშიც და მის გარეთაც, რამდენადაც ღარიბი ინდოელი ქალები და გოგონები იხსნა და გოგონების განათლების დონის ამაღლებას შეუწყო ხელი, რამდენადაც მათ სკოლის გაცდენა აღარ უწევდათ. ჩემი საყვარელი ინოვაცია კი საბავშვი ბაღია. პირველი საბავშვო ბაღი 1816 წელს შოტლანდიაში გახსნა უტოპიურმა ფილანტროპისტმა. ბაღისადმი მიკერძოება არც უნდა გაგიკვირდეთ - ჩემთის, როგორც სამი შვილის დედისთვის, საბავშვო ბაღი ხომ უდიდესი შვება და მხარდაჭერაა.

მართალია ჯერ რევოლუცია ვერ მოვახდინეთ, მაგრამ „ორბელიანის“ მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე იდეა ამ მხრივ იმსახურებს მეტ ყურადღებას, დაფასებას  და ვფიქრობ, განვითარების მეტი პოტენციალი აქვს. 

ჩემს ხუთეულს გაგიზიარებთ:

1.      STEM კლუბი გოგონებისთვის

თინა ზურაბიშვილმა და მისმა მეგობრებმა ლეგოს რობოტექნიკის კურსები გააკეთეს თელავში და კოდირების და რობოტექნიკის  უნარებს ასწავლიან ბავშვებს. კოდირება, პროგრამირება და STEM უნარები მომავლის პროფესიების აუცილებელ კომპეტენციად ითვლება, მაგრამ საშუალო სკოლები STEM განათლების მიცემას ვერ უზრუნველყოფს. რამდენადაც ტექნოლოგიები და ინჟინერია უფრო ბიჭის სფეროდ მოაზება, იდეის ავტორებმა კურსი უფასო გახადეს გოგონებისთვის, რათა მათი ჩართვა წაახალისონ.  ამ საინტერესო მოდელის წყალობით პროექტი მდგრადია: კურსი დღესაც გრძელდება და ზრუნავს, რომ STEM განათლებამ თელაველი ბავშების ყოველდღიურობაში გადაინაცვლოს. იდეას გავრცელების კარგი პოტენციალი აქვს და შესაძლებელია მსგავსი მოდელით რობოტექნიკის კურსების ფუნცქიონირება მთელი საქართველოს მასშტაბით და გოგონების ტექნოლოგიებით დაინტერესება.


2.      ხელნაკეთი ეკო ჩანთები

პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურება სერიოზულ პრობლემად რჩება. თეთრიწყაროს ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს წაახალისონ მრავალჯერადი, ნაჭრის პარკების გამოყენება. ამ მიზნით ქალაქში მეორად ნაჭრებს აგროვებენ და ბებიებისა და დედების დახმარებით კრეატიულ, ფერად-ფერად ჩანთებს კერავენ. პარკებს შემდგომ უფასოდ არიგებენ ქალაქში. იდეა ხელს უწყობს პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და ნაჭრების მეორად გამოყენებას.

 

3.      შიდა გაცვლითი ვიზიტები

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები უაღრესად პოპულარულია და სრულიად ცვლის მონაწილეთა ცხოვრებას. მაგრამ შიდა, რეგიონებს შორის გაცვლითი პროგრამები საქათველოში არ გვაქვს. არადა, ამ მულტიეთნიკურ ქვეყანაში, სადაც უამრავი ჭრელი ეთნიკური ჯგუფია და ინტეგრაცია ჯერ კიდევ დიდი თავსატეხია, შიდა გაცვლით პროგრამებს შეუძლია უდიდესი სარგებელი მოიტანოს. ასე ფიქრობს ნინო მოდებაძეც, ქართულის მასწავლებელი სოფელ ტალავერში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში. ნინოს სკოლის ახალგაზრდები თითქმის ყოველ წელს შიდა ქართლის სოფელ გარეჯვარში მიყავს და პირიქით ქართლელებს აცნობს აზერბაიჯანულ წეს-ჩვეულებებს ტალავერში ეთნიკურ აზერბაიჯანულ ოჯახებში მასპინძლობისას. შიდა გაცვლითი პროგრამებს განათლების სამინისტრო თუ უფრო მასშტაბურად დაგეგმავს, ინტეგრაციის პროცესიც გაცილებით ეფექტიანი იქნება.


4.      „გააჩუქე სათამაშო“ – მარიკა ქურდაძემ და მისმა მეგობრებმა ამბიციური მისია დაისახეს: ყველა ბავშვს ქონდე სათამაშო. ამ მიზნით მოხალისეებმა სათამაშოების შესაგროვებელი პუნქტები მოაწყეს კომერციიულ ცენტრებსა და წიგნის მაღაზიებშისადაც ნებისმიერ მსურველს  შეუძლია დატოვოს სათამაშორომელიც მოგვიანებთ გადაეცემა მუნიციპალურ ბაღებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.არაერთ ჩვენგანს კვლავაც აქვს ბავშვობის დროინდელი სათამაშოებირომლებიც სახლის სარდაფში თაროზეა განთავსებული და მოუთმენლად ელოდება ახალი პატრონის გამოჩენას. „გააჩუქე სათამაშომ“ შანსი მისცა ათასობით ადამიანს დაუბრუნონ ძველ სათამაშოებს ახალი სიცოცხლე და ათასობით ბავშვს, რომ ჩაიხუტონ საყვარელი სათამაშო. გარდა ბავშვებისთვის მოტანილი უდიდესი სიხარულისა, იდეას დადებითი გავლენას ახდებს გარემოზეც.

 

 


5.      სოციალური მაცივარი: ‘სოციალური მაცივარი’ პირველად გორში გამოჩნდა „ორბელიანის“ დაფინანსებით და იდეა მალევე გავრცელდა სხვა ქალაქებში. იდეა მარტივია: მაცივარი საჯარო ადგილზე დგას და ნებისმიერს შეუძლია საკვები განათავსოს და ნებისმიერს აიღოს. ეს შესანიშნავი საშულებაა, რომ ზედმეტი საკვები დაიზოგოს და ნაგვის ურნაში არ მოხვდეს და მეორე მხრივ, სოციალურად შეჭირვებულებს დაეხმაროს. მსგავსი სოციალური მაცივრები პოპულარულია სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, გერმანიაში 25 მსგავსი მაცივარი იდგა ევროკავშირის საკვების კონტროლის რეგულაციების ამოქმედებამდე. საქართველოში, მაცივარს დიდი გამოხმაურება მოყვა საწყის წლებში და სოლიდარობის განცდა გააღვივა ქალაქებში. მოგვიანებით, უფრო მეტი წარმატებით დღესასწაულებზე ივსებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს ქალაქში ენთუზიაზმი მინელდა და მაცივრებიც გაქრა, ამ მოდელს მეტი წარმატების შანსი აქვს უკეთესი მენეჯმენტის და ორგანიზების შემთხვევაში.

 

რომელია თქვენი საყვარელი სოციალური ინოვაცია?

გაგვიზიარეთ კომენტარებში

 

 

ქეთი ხაჩიძე, ორგანიზაცია „ორბელიანის“ დირექტორია 2014 წლიდან.