ახალგაზრდული ოთახი "ახალგაზრდები გურჯაანისთვის"

მარიამ ბაწელაშვილი
კახეთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, თამარ მეფის 16
1359
Comments: 8

Goals

Problem statement:

ქალაქი გურჯაანი თბილისიდან 122 კილომეტრის მანძილზე, კახეთში მდებარეობს. ჩვენს ქალაქში ახალგაზრდების სოციალიზაციისათვის საჭირო პლატფორმა არ არსებობს. ახალგაზრდული ცხოვრების კვალს აქ მხოლოდ სკვერებში თუ შეხვდებით, სადაც ჩვენი თანატოლების დიდი ნაწილი თავისუფალ დროს არაპროდუქტიულად ატარებს. ჩვენ "სკოლა-სახლის" რუტინაში ვართ ჩაკეტილები და თვითრეალიზაციის სივრცეც გვაკლია. ამ მიზეზისდა გამო თინეიჯერების ძირითად ნაწილს მოტივაციაც კი არ აქვს თვითგანვითარებისა და სამყაროს მრავალფეროვანი მიმართულებით შემეცნებისათვის. მათი მსოფლიომხედველობა ვიწრო ჩარჩოშია მოქცეული - ჩვენი თანატოლები ხომ სოციალურ ქსელს მხოლოდ გართობისათვის იყენებენ და ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცეულები საერთოდ არ ცდილობენ მსოფლიო თუ ადგილობრივი სიახლეების შეტყობასა და მათზე საკუთარი შეხედულებების ფორმირებას. ისნი არც თემში არსებული პრობლემებითა და მათზე რეაგირებით არიან დაინტერესებულები.
ჩვენს ირგვლივ, ნიჰილისტურად განწყობილი ახალგაზრდები მთავარი აქტორები არათუ საზოგადოებრივ, არამედ ხშირად პირად ცხოვრებაშიც კი არ არიან და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განიცდიან გენდერულ-საზოგადოებრივი სტერეოტიპების გავლენას.
ჩვენს თემში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე პროფესიული განვითარებისათვის საჭირო პრაქტიკული შესაძლებლობების სიმცირეა. ეს ართულებს ჩვენი თვითშემეცნებისა და სასურველი კარიერული გზის პოვნის პროცესს, რაც რეალურად ჩვენი თაობის წარმატების მთვარი საფუძველი უნდა იყოს.

გურჯაანს ასევე აკლია სივრცე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვადასხვა მოხალისეობრივი პროექტები განხორციელდება. ჩვენს საინიაცტივო ჯგუფსაც კი ხშირად ღია ცის ქვეშ უწევს მუშაობა, რაც ამწვავებს ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალგაზრდული მულტიპლათფორმა, სადაც თინეიჯერებს შეეძლებათ დროის ნაყოფიერად გატარება და საჭირო უნარების გაძლიერება. ამ ყველაფრის მისაღწევად ვგეგმავთ ისეთი აქტივობების განხორციელებას, როგორიცაა: ყოველთვიური დებატების ჩემპიონატის ორგანიზება, რათა არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე განვავითაროთ ერთმანეთი. ნიუს-კლუბ "ილაპარაკე"-ს დაარსება, რომლის წევრებიც მიმდინარე კვირის აქტუალურ თემებს განიხილავენ და მის კრიტიკულ ანალიზს შეეცდებიან. ჩვენ კამპანიის ("ადამიანი ბიბლიოთეკა") წამოწყებასაც ვგეგმავთ, რაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი სპიკერების მოწვევასა და მათი გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. კამპანია თინეიჯერებს პროფესიის არჩევაში დაეხმარება. ახალგაზრდული ოთახი მუდმივად უმასპინძლებს როგორც ნებისმიერი NGO-ს პროექტებს, ასევე ჩვენს მიერ დაგეგმილი დისკუსიების ( თემატიკა - თანასწორობა, ტოლერანტობა და ა.შ) ლოკაციაც გახდება. ნებისმიერ მოხალისეს შეეძლება აქ საუთარი იდეის განხორციელება. რაც ყველაზე მთავარი და ინოვაციურია, იმ მიზნით, რომ სოციალური ქსელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თვითშემეცნების სივრცედ ვაქციოთ, ჩვენს გვერდზე ვგეგმავთ ყოველკვირეული ლაივ გადაცემის გაშვებას. ასე საზოგადოებას მივაწვდით ონლაინ ლექციებს, საინტერესო ინფორმაციასა თუ მედია სიახლეებს. ჩვენი მთავარი სამინზე ჯგუფი თინეიჯერები არიან, რადგანაც სწორედ ჩვენი თანატოლები იყენებენ Facebook-ს ყველაზე დიდი ინტენსივობით. იდეის დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფთ მოხალისეების მოძიებას და დაიწყებს ოთახის რესტავრაციას. ოთახის ინვენტარს ჩვენ უკვე ვფლობთ - მაგალითისთვის გვაქვს პუფები და პროექტორი, რომელთა დაფინანსება ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა მცირე გრანტების პროგრამით მოიპოვა. იდეის თემატიკა კინოჩვენებების მოწყობა იყო, რასაც მომავალშიც განვაგრძობთ ახალგაზრდულ ოთახში. ოთახისთვის საჭირო დეკორაციას ჩვენი ეკოლოგიის მოყვარული ხელოვანები ნივთების გადამუშავებით შექმნიან, მაგიდებს კი პადონებით ავაწყობთ. სივრცის მოწყობას გურჯაანის კულტურის ცენტრში ვგეგმავთ, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ ადგილს წარმოადგენს და მალე მას ახალგაზრდული პროფილიც შეემატება.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

რეალურად, ახალგაზრდული ოთახი მდგრადი პროექტია, რომლის გამოყენებას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების სხვადასხვა თაობაც კი შეძლებს. ინიციატივის 6 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ვაპირებთ გავაგრძელოთ თითოეული ზემოთ აღწერილი აქტივობა და ვიმუშაოთ უცვლელ ტემპში. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილი პროექტები და ინტენისური კომუნიკაცია ახალგაზრდებთან მათი აზრის გაგების მიზნით, იქნება სტიმული თინეიჯერებისთვის თავადვე გახდნენ სხვადასხვა პროექტების ინიციატორები და ჩვენთან ერთად გააგრძელონ ეს საქმე. გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ამ სივრცის კეთილგონივრულად გამოყენება შეეძლება ყველა მსურველს თანაბრად, იქნება ეს გურჯაანში მოღვაწე ახალგაზრდული ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი თუ მოხალისე. ამგვარად, ჩვენი ახალგაზრდული ოთახი სწორედ ახალგაზრდებს დარჩებათ.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ახალგაზრდულ სივრცეში ჩვენს მიერ ორგანიზებული დებატებისა თუ დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ქალთა უფლებები და თანასწორობის საკითხი იქნება. გოგონებსა და ბიჭებს შორის იდეათა გაცვლა და მსჯელობა მიგვიყვანს კონსესუსამდე და დაგვეხმარება საზოგადოებაში ჩამოყალიბებული გენდერული სტერეოტიპების დაძლევაში, რაც ჩვენს თაობაში ქალის როლის გაძლიერებისადმი წინ გადადგმული ნაბიჯი გახდება. ეს ზოგადად მთელ თემზე დადებითად აისახება და შესაბამისად, ქალებიცა და კაცებიც თანაბრად ისარგებლებენ იდეის განხორციელებით. გენდერული სტერეოტიპების დაძლევას ჩვენი ლაივ გადაცემითაც შევეცდებით - ჩვენს თემში უამრავი ძლიერი ქალია. ისინი არიან დედები, საჯარო მოხელეები, მეეზოვეები, მასწავლებლები და პირველ რიგში, ისინი არიან ქალები, რომლებსაც საკუთარი ცხოვრებისეული ისტორიებით პატარა გოგონებისა და ბიჭებისთვის შეხედულებების შეცვლა შეუძლიათ. იგივეს ვიტყოდით მამაკაცებზე, რომლებიც მზრუნველი მამებიც არიან და საინტერესოდ პოზიტიური მოსაზრებები აქვთ გენდერულ თანასწორობაზე. ჩვენს სპეციალურ, თანასწორობის თემატიკაზე მიძღვნილ რუბრიკაში მათ როლურ მოდელებად ჩავწერთ და ასე ვეცდებით იდეათა მასურ გაშუქებას.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
კულტურის ცენტში არსებული ოთახის რესტავრაცია, დეტალები.

პროექტის დაგეგმვით ნაწილზე გადასვლისთანავე ჩვენ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს შევხვდით. მას იდეის არსი და თითოეული დეტალი გავუზიარეთ. ბატონი დავითი დაგვეთანხმა არსებული პრობლემის სიმწვავეში და ოთახის გამოყოფით გადაჭრის პროცესში საკუთარი თანადგომის სურვილიც დააფიქსირა.
ოთახი საკმაოდ ძველია, რაც ლოგიკურია - კულტურის ცენტრი გასული საუკუნის 80-90-ებში იქნება აშენებული და მას შემდეგ არ მომხდარა რესტავრაცია. ოთახის კედლებზე აშკარა ბზარები შეინიშნება, ხოლო საღებავს ფერი სიძველისა და მტვრისგან სრულიად შეცვლილი აქვს. ოთახში დაგებულ რბილ იატაკს ნესტის გავლენით ლაქები ემჩნევა.
სამაგიეროდ, მწყობრშია ოთახის ფანჯრები და ხის კარები, რომელიც მას ჰერემტულობას შეუნარჩუნებდა გათბობა რომ ყოფილიყო, თუმცა მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა - გათბობის არარსებობა ოთახში ყოფნას უბრალოდ გაუსაძლისს გახდის.

ოთახის ზომები შემდეგნაირია : მისი კედლების ფართობი ჯამში 80 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო იატაკი 25 კვადრატია.
შეკეთებისთვის საჭირო მივთების სია კი ასე გამოიყურება (დაანგარიშებულია ჩვენს მიერ მიყვანილი ხელოსნის მიერ) :
1) საღებავი - ფერი : კრემისფერი. ალპინა, 25 კილოგრამი, ჯამური ღირებულება - 94 ლარი. მაღაზია "მეგარონი"
2) შპაკლი - 3 ტომარა, ჯამური ღირებულება - 45 ლარი. მაღაზია - "მეგარონი"
3) ლამინატი - 1 კვადრ. მეტრი 17 ლარი, სულ 425 ლარი. მაღაზია -"მეგარონი"
4) კონდინციონერი - Dixi AS07XA11 20 მ², ფასი - 499 ლარი. მაღაზია - მეგატექნიკა
სულ - 1063 ლარი.

ოთახის რესტავრაციაში ხელოსანი და კულტურის სახლის თანამშრომლები მოხალისეობრივად ჩაერთვებიან.

ავთანდილ რუაძე

მაღაზია "მეგარონი". გურჯაანი, თავისუფლების ქ, 113

555 640 648
1 063,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

მარიამ ბაწელაშვილი სტუმრად ჩვენს პარტნიორ და ყველაზე მწვანე პროექტთან. სოფელ გურჯაანის სკოლის მოსწავლეებმა ქაღალდის გადამუშავების ახალი და ძალიან კრეატიული გზა შეიმუშავეს. დღეს ქაღალდის დამზადების პროცესი ჩვენც გაგვაცნეს და ერთად მრავალი სამომავლო გეგმა დავსახეთ
Reply
მარიამ ბაწელაშვილი პარალალურად პირველი ვიდეო რგოლი ჩავწერეთ - მომავალში ხომ ჩვენი სივრცე სტუდიის როლსაც შეითავსებს, საიდანაც ლაივ გადაცემისა და ვლოგების ჩაწერას ვგეგმავთ. კამპანია მიზნად საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტების შეკრებასა და მათი საინტერესო გზით გაშუქებას ისახავს. აღნიშნული ვლოგი პირველია ვიდეო რგოლების სერიიდან "10 საინტერესო ფაქტი" და ლიტერატურის თემატიკას ეხება. ვიდეო facebook პლატფორმაზე კვირის ბოლომდე განთავსდება.
Reply
Keti Khachidze გთხოვთ, აქაც გააზიაროთ ლინკი. წარმატებები!
Reply
მარიამ ბაწელაშვილი მოხალისეებთან ერთად ოთახის შეღებვაც დავიწყეთ. ჩვენი სივრცე მალე საბოლოო სახეს მიიღებს
Reply
მარიამ ბაწელაშვილი ახლა უკვე ყველა რეკვიზიტი გვაქვს და ჩვენ უკვე მზად ვართ ოთახის რეკონსტრუქციის დასაწყებად.
Reply
მარიამ ბაწელაშვილი მოხალისეებთან შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა. უამრავმა მათგანმა საკუთარი ინიციატივები გაგვაცნო, რომლებსაც ახალგაზრდულ სივრცეში განახორციელებს.
Reply
მარიამ ბაწელაშვილი მოხალისეებთან ერთად ოთახის რემონტის დეტალებს განვიხილავთ.
Reply
მარიამ ბაწელაშვილი ჩვენი ახალგაზრდული სივრცისთვის უკვე შევიძინეთ ნივთები. სულ რამდენიმე დღეში კი მოხალისეებთან ერთად უშუალოდ სამუშაოებზე გადავალთ
Reply