დასასვენებელი პარკი, როგორც დედებზე ზრუნვის საშუალება

მარიამ სამხარაძე
ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი თამარისი
1818
Comments: 17

Goals

Problem statement:

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბავშვებისთვის საჯარო სივრცეების დიდი დეფიციტია, უფრო სწორად არ არის. გამონაკლისია საბავშვო ბაღების ეზოები და ჩვენი სოფელი, სადაც სამად სამი საქანელაა. შესაბამისად, მარნეულის სხვა სოფლებთან თუ თვითონ ქალაქთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. აღნიშნული საქანელები თამარისის პარკშია განთავსებული. პარკი ნაძვნარითაა გარშემორტყმული და ძალიან კარგი ადგილია, როგორც პატარებისთვის გასართობად, ისე დედებისთვის სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ. პარკი ძალიან კარგი შესაძლებლობაა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ არიან დასაქმებულები, გამოვიდნენ გარეთ, მოწყდნენ ყოველდღიურ რუტინას და განიტვირთონ. ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულ პარკში საქანელები არ არის საკმარისი. ბავშვებს მუდმივად უწევთ რიგში დგომა და ლოდინი, თუ როდის გათავისუფლდება ადგილი მათთვის.
ასევე, იმის გამო, რომ პარკში დგას მხოლოდ ორი ურნა, პარკი მუდმივად ბინძურდება. მარნეულში პარკების მოვლა ძალიან დიდი პრობლემაა. აღნიშნული არ არის არცერთი უწყების კომპეტენცია და ფაქტიურად მოსახლეობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მოუვლიან გარემოს და არ დააბინძურებენ. პარკებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მხოლოდ წელიწადში რამდენჯერმე, საჯარო შეხვედრების დროს, თანამდებობის პირების სტუმრობის წინ ასუფთავებენ. იმის გარდა, რომ არ ხდება პარკების დასუფთავება, პრობლემაა ასევე ნაგვის ურნების არარსებობა. მოსახლეობა ქაღალდებს, მზესუმზირის ნაფცქვენებს და სხვა ნარჩენებს ძირს ყრის, ან იქვე ჩამდინარე სარწყავი წყლის არხში. პრობლემაა ნაგვის გატანაც, პარკიდან ნაგავი არ გააქვს არცერთ პასუხიმგებელ უწყებას.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

აღნიშნული პარკის გადასახალისებლად სურვილი მაქვს შევიძინოთ რამდენიმე მარტივი საბავშვო ატრაქციონი, "აიწონა–დაიწონას" სტილის. ეს ბავშვებს უფრო მეტად მიიზიდავს პარკისკენ, სადაც ნამდვილად ჯანსაღი ჰაერია. სამწუხაროდ პარკის გარდა სოფელში სუფთა ჰაერს ვერ ნახავთ. სოფელში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშის) რამდენიმე მომპოვებელი საბადო მდებარეობს, იქიდან წამოღებულ სილას კი უზარმაზარი სატვირთო მანქანები სოფლის გავლით ეზიდებიან. მანქანები საშინელ მტვერს აყენებენ, ამიტომ ერთადერთი "თავშესაფარი" ბავშვებისთვის უზარბაზარი ნაძვის ხეებით გარშემორტყმული პარკია. გარდა ამისა, სოფლად მცხოვრებ ქალებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოვიდნენ გარეთ და განიტვირთონ. საბავშვო ატრაქციონების გარდა, მინდა შევიძინოთ 5 ნაგვის ურნა. პარკში სულ 5 სკამია, შესაბამისად თითო სკამთან თითო ურნას დავდგამთ. ეს შსაძლებლობას მოგვცემს, ნაკლებად დააბინძურონ პარკის სტუმრებმა გარემო და ნარჩენები პირდაპირ ნაგვის ურნაში ჩავყაროთ. ამის გარდა, დაგეგმილი გვაქვს ერთი დიდი მობილური ურნის შეძენაც, სადაც სოფლის მაცხოვრებლები მორიგეობით ჩავცლით გავსებულ ნაგვის ურნებს და დავდგამთ პარკის შესასვლელში. ჩვენ სოფელში კვირაში ორჯერ დადის ნაგვის მანქანა, შვუთანხმდებით მათ, რათა გავსებული ურნა დაცალონ. ასე ვფიქრობთ მოვაგვაროთ დასუფთავების პრობლემა ჩვენს პარკში. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად დაგეგმილი გვაქვს საინფორმაციო ბანერის დამზადება, სადაც იქნება მოწოდება, ნუ დააბინძურებენ გარემოს. შესაძლებელია აღნიშნული გაკეთდეს პარკში მდებარე ძველი შენობის კედელზე, სადაც უფრო კრეატიულად მოვხატავთ კედელს. სადაც დავწერთ მნიშვნელოვან მესიჯებს. მაგ: "არ დააბინძუროთ გარემო" და სხვა..აღნიშნული ბანერისა თუ კედლის მოხატვაში დაგვეხმარება ადგილობრივი მხატვარი, მანუჩარ პაპიძე.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

საბავშვო ატრაქციონებს მომწოდებელი კომპანია თავადვე დაამონტაჟებს პარკში. ნაგვის ურნებიც მყარად მიემაგრება, მოძრავ ნაგვის ურნას კი ჯაჭვით მივამაგრებთ პარკის შესასვლელთან და მასზე პასუხისმგებელი იქნება სოფლის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

ვფიქრობ ეს ცვლილება ქალებისთვის უფრო სასარგებლო იქნება. მინდა ვთქვა, რომ ადრე ამ ადგილს უფრო "ბირჟად" მოიხსენიებდნენ, სადაც ძირითადად კაცები იკრიბებოდნენ, მათ უფრო მეტი თავისუფალი დრო ქონდათ, საუბრობდნენ, ეწეოდნენ სიგარეტს, სვამდნენ ლუდს და ერთობოდნენ. მას შემდეგ, რაც პარკში სოფლის განვითარების პროგრამით სამი საბავშვო საქანელა დადეს, პარკში სიარული ქალებმაც დაიწყეს. მას შემდეგ კაცებმა პარკის გარეთ, მოფარებულ ადგილას გადაინაცვლეს. მე 5 თვის განმავლობაში დეკრეტულ შვებულებაში ვიმყოფებოდი და დროის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბავშვთან ერთად ამ პარკში გავატარე. დავინახე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკვერები როგორც ბავშვებისთვის, ისე ქალებისთვის. მივხვდი, რომ საბავშვო ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია, ქალების/დედების საზოგადოებაში ინტეგრაციასთან. განსაკუთრებით ისეთ ჩაკეტილ სოციუმში, როგორიც სასოფლო დასახლებებლია. იმის გამო, რომ პარკში სიგრილე, სუფთა ჰაერი, სასმელი წყალი ხელმისაწვდომია, თანაც პარკი სოფლის ცენტრში მდებარეობს, კეთილმოწყობილი პარკით თანაბრად ექნებათ საშუალება ისარგებლონ როგორც ქალებმა, ისე კაცებმა.

Recommendations

Reviewer 2

მდგრადობისთვის და იმისთვის, რომ არ მოხდეს აღნიშნული პარკის დანაგვიანება და ინვენტარის გაფუჭება, გირჩევთ, მცირე ცნობიერების ამაღლების აქტივობებიც ჩაატაროთ, ასევე პარკის მოწყობაში ჩართოთ სოფლის ახალგაზრდობა

Reviewer 4

დიდი მადლობა ინიციატივისთვის! ორი საკითხი: 1. საქანელების ინსტალაციას ვინ მოახდენს? კარგი იქნება, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაგეხმარებიან. 2. ბოლო წლებში ხშირად ტარდება ექსპერიმენტები და უკვე ბევრი მასალა მოგროვდა იმის თაობაზე, თუ რა ტიპის მესიჯები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანზე, მაშინ როდესაც მისი ქცევის ცვლილებას ვცდილობთ. ყველაზე ხშირად ადარებენ შემდეგი ტიპის მესიჯებს: (ა) აკრძალვა; (ბ) მოწოდება; (გ) დადებითი ინფორმაცია სოციალური ნორმის შესახებ (მაგალითად, ამა და ამ ადგილის მაცხოვრებლები არ ანაგვიანებენ); (დ) უარყოფითი ინფორმაცია სოციალური ნორმის შესახებ (მაგალითად, ჩვენთან დამნაგვიანებლებს არაფერი ესაქმებათ). სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ტიპის მესიჯები ჭრის, მაგრამ თუ ლიტერატურას დავუჯერებთ, განსაკუთრებით მეტი პოტენციალი აქვს სოციალური ნორმის შემცველ მესიჯებს. ალბათ იცით, რომ თბილისში ადრე უკვე იყო მსგავსი ინიციატივა, როცა კოტე ყუბანეიშვილის მოკლე ლექსები ნაგვის ურნებზე დააწერეს. შეგიძლიათ მოძებნოთ ასევე მიუნხენში ინგლისურ ბაღში განთავსებული ბანერებსა და ბერლინში ავტობუსების გაჩერებებზე დაყენებული ნაგვის ურნებზე გაკეთებული ენასხარტი წარწერები, რომლებიც ასევე ამ ქალაქებში მოქცევის წესებზე მიუთითებს.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
საინფორმაციო ბანერი/კედლის მოხატვა

სოფლის მაცხოვრებლების გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად დავამზადებთ ბანერს და/ან მოვხატავთ პარკში მდებარე ძველი შენობის კედელს. ეს გაახალისებს პარკს, ასევე საინფორმაციო მესიჯების საშუალებით მოსახლეობას მოვუწოდებთ გაუფრთხილდნენ გარემოს

მანუჩარ პაპიძე

მარნეული, სოფ. თამარისი

591884876
200,00 ₾
ე.წ "ნავი"

სადაც ორი ბავშვი ჩაჯდება და ერთმანეთს გადაწონის

Exim Group

ქ.თბილისი, წერეთლის 140

(+995 32) 2 243 243
300,00 ₾
საქანელა "ცხენები"

პლასტმასის ცხენები, რომელიც ე.წ "პრუჟინებზე" დგას

Exim Group

ქ.თბილისი, წერეთლის 140

(+995 32) 2 243 243
300,00 ₾
სატრიალო

ე.წ "პრუჟინებზე მდგარი სატრიალო დაფა, სადაც რამდენიმე ბავშვი შეიძლება მოთავსდეს და იტრიალოს მექანიკური მოძრაობით.

Exim Group

ქ.თბილისი, წერეთლის 140

(+995 32) 2 243 243
500,00 ₾
მობილური ნაგვის ურნა

მოძრავი ნაგვის ურნა, სადაც ჩაიცლება მცირე ნაგვის ურნებში დაგროვილი ნაგავი

Exim Group

ქ.თბილისი, წერეთლის 140

(+995 32) 2 243 243
70,00 ₾
5 მცირე ნაგვის ურნა

განთავსდება პარკში მდებარე სკამებთან

Exim Group

ქ.თბილისი, წერეთლის 140

(+995 32) 2 243 243
250,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

მარიამ სამხარაძე ესეც 27 დეკემბრის საახალწლო ღონისძიება თამარისის სკვერში. ჩვენმა ინიციატივამ სოფელი გამოაცოცხლა.
Reply
მარიამ სამხარაძე სოფ.თამარისის პარკში დასრულდა ადაპტირებული ონკანის მონტაჟიც, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს სოფლის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და სოფლის მაცხოვრებლებმა. ონკანის ტრანსპორტირებისთვის საჭირო მანქანა გამოყო მარნულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ. დიდი მადლობა მათ ამისათვის! აი ასე ლამაზად გამოიყურება დღესდღეობით სკვერი. დასადგმელი დარჩა მხოლოდ საინფორმაციო ბანერი, საიდანაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სოფლის მაცხოვრებლებს პარკზე ზრუნვისთვის. 27 დეკემბერს დაგეგმილი გვაქვს პარკში წინასაახალწლო საზეიმო ღონისძიება, ბავშვების ჩართულობით, ბენდითა და გლინტვეინით :) ვგეგმავთ ადგილობრივი ბიზნესების გამოფენასაც, მაგ: სოფელში მუშაობს რძის საწარმო, არის ვაშლის სანერგე მეურნეობა, ასევე ტბის კომპლექსი. მოკლედ ჯერ კიდევ დიდი სამზადისი გვაქვს :)
Reply
მარიამ სამხარაძე დღეს მოვხატეთ სოფელ თამარისის პარკში არსებული კედელი. მადლობა მარნეულის კულტურის ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისთვის!
Reply
მარიამ სამხარაძე საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი დასრულდა. ამ პროცესში სოფლის რწმუნებულის ადმინისტრაცია და სოფლის მაცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის! პარკში დიდი ჟრიამულია, თუმცა დაბინძურება კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. ვგეგმავთ ამ მიმართულებით კამპანიის წამოწყებას, პარკის დასუფთავებას და საინფორმაციო ბანერის დადგმას. მანამდე კი, ხუთშაბათს, 29 ნოემბერს პარკის ერთ–ერთი კედლის მოხატვას დავიწყებთ. მოხატვის პროცესში "მარნეულის კულტურის ცენტრის" მხატვრები და ადგილობრივი ახალგაზრდები ჩაერთვებიან. მადლობა მათ აქტიურობისთვის!
Reply
მარიამ სამხარაძე ესეც საქანელა
Reply
მარიამ სამხარაძე დამავიწყდა მეთქვა, რომ სატრიალო "კარუსელას" ძირი ჩასაბეტონებელია, ცემენტი ჩასხმულია და ველოდებით გაშრობას, რომ დავამონტაჟოთ. ასევე დამონტაჟებული "ცხენის" ფოტოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ :)
Reply
მარიამ სამხარაძე სულ მალე გაჩვენებთ, როგორ შეიცვლება სასმელი წყლის ეს ძველი სოკო, და როგორ მოიხატება ეს უსახური კედელი ახალგაზრდების ჩართულობით. დავდგავთ საინფორმაციო ბანერს, საიდანაც მოვუწოდებთ ჩვენს თანასოფლელებს, რომ არ დააბინძურონ პარკი. ასევე დასასუფთავებელია პარკი და იქაც ჩავერთვებით რა თქმა უნდა :) მადლობა ორბელიანს <3
Reply
მარიამ სამხარაძე შედეგად კი გვაქვს ულამაზესი პარკი
Reply
მარიამ სამხარაძე ახლა კი გაჩვენებთ თუ რა მოგვიტანეს და როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები :)
Reply
მარიამ სამხარაძე სოფელ თამარისში დიდი მხიარულებააა :) მოგვიტანეს ნაგვის ურნები, სკამები, რამოდენიმე საქანელა. თუმცა იმისთვის, თუ რა გვქონდა და ახლა რა ლამაზია ყველაფერი, მინდა გაჩვენოთ პარკის ძველი ფოტოებიც. მიუხედავად იმისა, რომ პარკში არაჩვეულებრივი გამწვანებაა, მოვლით და ინფრასტრუქტურით დიდად ვერ დავიკვეხნით. ფოტოებიდან როგორც ჩანს, ნაგვის ურნები არ გვქონდა, ორი ძველი ნაგვის ურნა კი განადგურებულია. ჩამოწყვეტილი იყო ერთი საქანელა. სასმელი წყლის ონკანი კი დაზიანებულია და წყალი იქცევა მუდმივად :(
Reply
მარიამ სამხარაძე შესყიდვების პროცესი ნაწილობრივ დასრულდა. სკამები, ნაგვის ურნები და საბავშვო ატრაქციონების მოტანა/მონტაჟს ველოდებით მომავალი კვირის ბოლოსთვის. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ დარჩენილი თანხით პარკში არსებული სასმელი წყლის სოკო შადრევანი შევცვალოთ. ამჟამად სოკო შადრევანს არ გააჩნია ონკანი, რის გამოც წყალი იქცევა, რაც სასმელი წყლის რესურსის არამიზნობრივად გამოყენებაა. გადავწყვიტეთ შევიძინოთ ორ დონიანი სოკო შადრევანი, რის მეშვეობითაც სასმელი წყლის დალევა ბავშვებს და შშმ პირებს შეეძლებათ სხვების დახმარების გარეშე. ასევე, ახალი სოკო შადრევანი საშუალებას მოგვცემს არ დაიღვაროს სასმელი წყალი ტყუილად.
Reply
Nino Giorgadze მარიამ მადლობა აქტიურობისთვის
Reply
მარიამ სამხარაძე ამ ეტაპზე ვმუშაობთ შესყიდვებზე. უნდა შევიძინოთ 3 პარკის სკამი, 5 ნაგვის ურნა, ერთი სატრიალო საქანელა, ერთი სათამაშო "ცხენი ზამბარაზე", ერთი საქანელა. პარკში არსებული სასმელი წყლის ონკანი დაზიანებულია. ვეძებთ მომწოდებელს რათა ონკანიც შევიძინოთ. პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს საინფორმაციო ბანერის დადგმას პარკში, რათა არ დააბინძურონ პარკის ტერიტორია და პარკის ერთ-ერთი კედლის მოხატვას. პროექტის მეორე ეტაპი დაიწყება ნოემბრის ბოლოს.
Reply
მარიამ სამხარაძე დღეს ადგილობრივი ტელევიზია "მარნეული ტვ" დაინტერესდა ჩვენი იდეით და ჩამოვიდნენ ადგილზე სიუჟეტის მოსამზადებლად. ჩავწერეთ ინტერვიუ, ჩაწერეს ასევე ერთი რესპოდენტი, სოფლის მაცხოვრებელი. სიუჟეტი დღეს გავა ეთერში. გადავუღე ფოტო იმ კედელს რომლის მოხატვაც იგეგმება, ასევე ამჟამად პარკში არსებული საქანელა ავარიულია და პროექტის ფარგლებში გვინდა მეორე საქანელის დამატება.
Reply
მარიამ სამხარაძე დღეს, შევხვდით სოფელ თამარისის რწმუნებულს, ასევე საქმის კურსში ჩავაყენეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. მივიღეთ მათგან მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. ააიპ "მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისგან" მივიღეთ თანხმობა თავიანთი მხატვრები ჩართონ კედლის მოხატვის პროცესში, ასევე საინფორმაციო ბანერის დამზადების საქმეში. ამ ეტაპზე ვმუშაობ ინვოისების მოძიებაზე, რათა შევისყიდოთ ნაგვის ურნები, სკამები, საღებავები და საბავშვო ატრაქციონები.
Reply
მარიამ სამხარაძე პარკში მდებარე კედლის მოხატვაში ვგეგმავ ახალგაზრდების ჩართვას, რათა გაუჩნდეთ მიკუთვნების განცდა, რომ მათი მცირე წვლილიც არის შეტანილი პარკის კეთილმოწყობის საქმეში, შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ დააბინძურებენ და გაუფრთხილდებიან.
Reply
მარიამ სამხარაძე დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! თქვენს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით: 1. ინსტალაციას მომწოდებელი კომპანია უზრუნველყოფს, რადგან სპეციფიკური სამუშაოა შესასრულებელი. თუმცა პროცესში ჩავრთავთ სოფლის ადმინისტრაციას და მაცხოვრებლებსაც რა თქმა უნდა 2. დიახ, ვფიქრობთ თუ რა სახის მესიჯები დავიტანოთ საინფორმავციო ბანერზე და მოხატულ კედელზე. გვინდა რაიმე ორიგინალური, ასევე ეფექტური.
Reply